ჰანს კლუგე: ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ, რათა კოვიდშემთხვევების ზრდას გაუმკლავდნენ და მკაცრი ზომების დაწესება თავიდან აიცილონ.
ჰანს კლუგემ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა შემოდგომაზე და ზამთარში, რადგან Omicron-ის ქვევარიანტი, BA.5, სწრაფად გავრცელებას განაგრძობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა პანდემიის სტაბილიზატორების ამოქმედების საჭიროებას, როგორიცაა მეორე გამაძლიერებელი დოზა, ასევე პირბადის გამოყენება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.
„ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის ლოკდაუნისთვის“, – აღნიშნა მან.