საქართველოში შესაძლოა, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარი დაწესდეს
საქართველოში შესაძლოა, დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.
როგორც წინადადებაში ვკითხულობთ, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარით უნდა განისაზღვროს, შედეგად თვის განმავლობაში სრული დაუბეგრავი მინიმალური ხელფასი იქნება 800 ლარი.
ამასთან, მოქალაქის წინადადება გულისხმობს, რომ პოზიციის იერარქიასთან ერთად მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას უნდა დაემატოს საათში – 1 ლარი. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში (22:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე) მუშაობა უნდა ანაზღაურდეს გაორმაგებული დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ხელფასით.
საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.