ახალი ამბები

შვებულების აღება შესაძლოა, ყოველი 6 თვის შემდეგ იყოს შესაძლებელი – პარლამენტს წინადადებით მიმართეს

შვებულების აღება შესაძლოა, სამსახურის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ იყოს შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა პარლამენტს.

კერძოდ, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის ყოველი 6 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს, კვირაში 40 საათს და თვეში 160 საათს. 160 საათის შემდეგ ნებისმიერი დამატებითი დრო უნდა აღირიცხებოდეს ზეგანაკვეთური დროით და ანაზღაურდეს საათობრივი ხელფასზე 1.5-ჯერ მეტად.

საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.