ახალი ამბები

საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 12 მლნ დოლარის ატამი გაიტანა

კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. კახეთში მყოფმა გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ფერმერ ილია რაქვიაშვილის ბაღში ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა; ინდმეწარმე სოსო გიოშვილის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრო მეურნეობაში კი, მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ, რამდენიმე ათეული სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ მოსავალი დაბინავდეს სტანდარტების დაცვით და შემდგომ გავიდეს ექსპორტზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 12 მლნ დოლარის ექსპორტი არის განხორციელებული და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, ფერმერების შემოსავლები, დაახლოებით, 4-5 ჯერ არის გაზრდილი”, – განაცხადა გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.