რამდენ მსესხებელს უფიქსირდება საქართველოში ვადაგადაცილება
საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.
„კრედიტინფოს“ 2022 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 217 903 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 406 614 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 884 354 ადამიანს აქვს, ჯამში 34 564 491 414 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 31 534 917 159 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 053 მსესხებელს აქვს აღებული.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 680 417 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 591 087 935 ლარს შეადგენს. კიდევ 20 212 ადამიანს კი, ჯამში, 438 486 320 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.