„მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად” – ღარიბაშვილი
ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად.
„მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭომ მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს პერსპექტივა. როგორც საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღნიშნა, თუ საქართველოში იქნა პოლიტიკური ნება და შესაბამისი პოლიტიკური ფონი, მაშინ იქნება პროგრესი და საქართველოც მიიღებს წევრობის კანდიდატის სტატუსს.
“ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში თუ არის საჭირო იმისთვის, რომ საჭირო ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგან. უნდა ანახონ თავისუფალ მსოფლიოს, რომ იგივე პრინციპებს იზიარებენ”, – განაცხადა მან.