ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრების პრევენციისთვის სპეციალიზებული ავტომობილი გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ტყისა და მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში, ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი გადაეცა, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილი სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში მიიღო.
სახანძრო ავტოცისტერნა გადაეცა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ყვარლის განყოფილებასაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კახეთის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველებს მადლობის სიგელები გადასცა.
,,ჩვენთვის ხანძრების პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მზადყოფნის გაძლიერება, როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, ცნობიერების ამაღლების კუთხით’’,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.