,,Churchkhela DIYbox”- თელაველი ია იმერლიშვილის ინოვაციური სტარტაპი
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეწარმემ ია იმერლიშვილმა ,,ჩურჩხელის ბოქსების” დამზადება და რეალიზება დაიწყო.
სტარტაპი ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა ის მომხმარებლებს ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებულ ყველა საჭირო ინგრედიენტს ერთ ყუთში სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებელი, ია იმერლიშვილი აცხადებს, რომ წლებია აგროტურისტული მიმართულებით საქმიანობს და ,,Churchkhela DIYbox”-ის დაწყების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ია ამბობს, რომ ჩურჩხელა საკმაოდ პოპულარული, გემრიელი პროდუქტია და მისი ამოვლება ერთგვარი ტრადიციაა საქართველოში. სწორედ ამ ტრადიციის გაცნობას ისახავს მიზნად მის მიერ გასულ წელს მცირე შემოსავლებით დაწყებული ბიზნესი.
,,წლებია მეღვინეობის მიმართულებით ვსაქმიანობ, ასევე მაქვს ვენახები და გასულ წელს დავიწყე ბადაგის დაყენება და ჩურჩხელების ამოვლება. ეს იყო მცირე რაოდენობით ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. გარდა ამისა, გასული ზაფხულიდან უკვე მსურველებს ვთავაზობ ჩემთან მარანში, ღვინის დეგუსტაციასთან და სხვა კულინარიულ მასტერკლასებთან ერთად, თათარაობას.
ერთი წლის წინ დამებადა იდეა, რომელიც გულისხმობდა ჩურჩხელის ამოსავლები ყველა ინგრედიენტის ერთად მოთავსებას ყუთში. როცა მიწევდა არა მარტო კახეთში, არამედ თბილისშიც ბავშვებისთვის ჩურჩხელის მომზადება, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ რთული შესაკრები იყო პროდუქტები.
ჩურჩხელას ყველა აკეთებს, მაგრამ კახური ჩურჩხელა სულ სხვანაირია. საქმის დაწყებამდე ვფიქრობდი დიდხანს. 2021 წლის დეკემბერში ვთქვი, რომ აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა ეს იდეა. გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რისი რესურსიც მქონდა. ბადაგი მქონდა და ასხმული მზა ჩურჩხელები ნიგვზის. ასევე შევიძინე ფქვილი, ხის კოვზი, ამოვბეჭდე მომზადების რეცეპტი ქართულ და ინგლისურ ენაზე, მოვათავსე ყუთში ჩემს ღვინოსთან ერთად და გავიტანე გამოფენაზე თბილისში. მაშინ პირველად გავაცანი მომხმარებელს პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩურჩხელის ცნობადობა ქვეყნის გარეთაც მაღალია, ,,შექმენი შენით’’ კონცეფცია დიდ ახსნას მოითხოვდა და ეს ადრევე გვქონდა გათვლილი. ჩვენ გვინდოდა მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამიზნე ჯგუფისთვის, ვიდრე ჩურჩხლის გაკეთებაა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია,’’– განუცხადა knews.ge-ს ია იმერლიშვილმა.
ია ამბობს, რომ სტარტაპი სიახლეა ქართული ბაზრისთვის და სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. მისი თქმით, პირველად რამდენიმე ათეული ბოქსი დაამზადა, ინტერესის და მოთხოვნის გაჩენის შემდეგ კი საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მალე წარმოების გაფართოვებას შეძლებს.
,,ყუთი არის შექმნილი 5 ჩურჩხელის ამოვლებისთვის. შესაძლებელია სამი სახის: თხილის, ნიგვზის და ჩირის ჩურჩხელის დამზადება. მალე გვექნება ყუთები, რომელიც იქნება შერეული. ერთის შემთხვევაში იქნება ჩირის, ნივზის და თხილის ჩურჩხლის ამოვლება შესაძლებელი. მეორე შემთხვევაში დაემატება სხვადასხვა ქართული ტრადიციული ნუგბარი, ტყლაპი, ჩირები, ცუკატები და ჩვენი წარმოებული ღვინო. ერთი ბოქსი ღვინის გარეშე 55 ლარი ღირს, 70 ლარი კი ეღირება ღვინოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მე ასეთი სახის პროდუქტი აქამდე ბაზარზე არ შემხვედრია. ,,შექმენი შენით’’ კონცეფციის პროდუქტები იყიდება ძალიან ბევრი ქვეყანის ბაზარზე. ქვეყნებში ასე ამზადებენ ტრადიციულ კერძებს. ამიტომ ვთქვი, კარგი იქნებოდა თუ ამას ჩურჩხელის შემთხვევაში გავაკეთებდი. ეს მარტო ჩურჩხელის ამოვლება არ არის, ეს არის ე.წ. რიტუალი, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელია და სასიამოვნო. ამ ბოქსებით ამიტომ გვინდა ყველამ თავის გარემოში იგრძნობს ეს.
პირველად ჩემი რესურსებით გავაკეთე რამდენიმე ათეული ყუთი, რომლის რეალიზებაც მოვახდინე უცხოელ მომხმარებლებში, მოგვიანებით კი ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა და დაფინანსება მივიღე. სწორედ ამით შევძლებ სერიული წარმოების დაწყებას.’’
ამ დროისთვის ,,Churchkhela DIYbox”-ის ინტერნეტის საშუალებით იყიდება, თუმცა, როგორც მეწარმე ამბობს, მოთხოვნა მის აგროტურისტულ ცენტრში, ადგილზეც არის.
,,სულ მალე ავითვისებ აქტიურად სხვადასხვა ბაზარს. რა თქმა უნდა, ყველგან არ შევალთ, რადგან ამას თავისი ნიშა აქვს. პროდუქტი ახლა იყიდება ონლაინ პლატფორმაზე soflidan.ge-ს საშუალებით, ასევე მალე დაემატება ტურისტული ლოკაციები თბილისში. გარდა ამისა, მოლაპარაკებას ვმართავთ აეროპორტში გაყიდვასთან დაკავშირებით და ვეძებთ ასევე საგამოფენო სივრცეებს, სადაც დაინტერესებულ პირებს გავაცნობთ ჩვენს პროდუქტს. ასევე სხვა სამიზნე ჯგუფებიც გვყავს, მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ნელ-ნელა ავითვისებთ ყველა რესურსს,”- განუცხადა knews.ge-ს ია იმერლიშვილმა.
გარდა ამისა, მეწარმე აგროტურისტული მიმართულებითაც აქტიურად საქმიანობს, წინანდლის მიკროზონაში ფლობს ვენახებს, ამუშავებს აგროტურისტულ ცენტრს და საოჯახო სასტუმროს გურჯაანში და ტურისტებს სხვადასხვა სახის მომსახურებას და კულინარტიულ მასტერკლასებს სთავაზობს.
,,მიღებული გრანტით სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და ველოდებით რთველს, რომ დავამზადოთ ბადაგი. ყველა ინგრედიენტები, რასაც ბოქსის დასამზადებლად ვიყენებთ, არის და იქნება ქართული და ნატურალური. გარდა ამისა, მაქვს მცირე საოჯახო სასტუმრო 12 განთავსების ადგილით. მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ხინკლის, მწვადის მასტერკლასებს, ჭაჭის გამოხდას, პურის გამოცხობას და ამას დაემატება ჩურჩხელის ამოვლება და კერამიკაზე მუშაობა. ასევე, ვეგეტარიელებისთვის გვექნება ცალკე მასტერკლასები.
აღსანიშნავია, რომ ვენახები მაქვს წინანდლის მიკროზონაში, ვაწარმოებ 4 სახეობის ყურძენს, მაქვს მარანი და აგროსტურისტული ცენტრი სოფელ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან ახლოს. გარდა ღამისთევისა, ტურისტებისთვის გვაქვს სხვადასხვა შეთავაზებები.”