რამაზ სამხარაძე – დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია
მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი რამაზ სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და დიპლომატიური მისიებსა და მედიასაშუალებებს მხარდაჭერას სთხოვს.
სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი რადიოსადგურები, იმ დავალიანების გამო, რომელიც პანდემიის, სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის და უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო დაგროვდა, შესაძლოა დაიხუროს.
„დღეს, მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის ( ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამა მარტიდან ყველგან აიკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა პროცესებმა კი დაარტყა სამშენებლო ბიზნესს და მათი რეკლამა გაჩერდა რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიისგან მიყენებულ ზარალზე, რომელიც ყველას შეგვეხო) შედეგად რადიოსადგურებს დაუგროვდა დავალიანება. მხოლოდ ჰერეთის შემთხვევაში ეს 10.000 ლარამდეა, სხვასთან უფრო მეტი ან ნაკლები. გვითხრეს რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12 საათიდან“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ამბობს, რომ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. აქ კი არაფერი შეიცვალა, პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ.
,,ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა. დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ისედაც სტრესულ პერიოდში სამუშაო ადგილებს და ბიზნესს, რომ ვინარჩუნებთ ნამდვილად გმირობის ტოლფასია. მით უფრო, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ სარეკლამო ბაზარზე. „ჰერეთის“ სამივე რადიოსადგურის შემთხვევაში ასეა, და ბევრი რადიოს შემთხვევაშიც. მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს”.
სამხარაძე განმარტავს რომ მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს.
,,ტელე რადიო ცენტრის კუთვნილი ანძების სამართალმემკვიდრე საქართველოს მთავრობაა, რომელიც ამ დრომდე გვაიგნორებს. ახლა გერმანიაში ვარ და უკვე იმას ვფიქრობ, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოვითხოვო, ვინაიდან ჩემი ქვეყანა არ მაძლევს განვითარების შესაძლებლობებს, ის კი არა, როგორ მოგვგუდონ, იმას ფიქრობენ”.
რამაზ სამხარაძე მიმართავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში, რომ აღნიშნული საფრთხე რეალურია და დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია. ითხოვს მათ ყურადღებას და პროცესებში აქტიურად ჩარევას.
ყველა კვლევის მიხედვით, რადიომედია ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყოველთვის მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობს.