საქართველოს ყოფილი ლიდერები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს
საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დღეს გადასცა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ევროკავშირში სულ 29 წერილი გაიგზავნა – ერთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ერთი ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო დანარჩენი, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერების სახელზე.
კითხვაზე, უარი განაცხადეს თუ არა წერილზე ხელმოწერაზე ახლანდელმა ლიდერებმა, მარგველაშვილი ამბობს – „ყველამ, 2016 წლის შემდეგ“.
„წერილის შინაარსი შემდეგია – ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად.
წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა ლიდერი, ვინც დღეს ცოცხალია – პრეზიდენტები, პარლამენტის თავმჯდომარეები. 2016 წლის შემდეგ კი წყდება – 2016 წლის შემდეგ მოქმედი არცერთი პოლიტიკოსი ხელს არ აწერს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო 23-24 ივნისს მიიღებს.