სოფელ რუისპირში მცხოვრები ახალგაზრდას თექის რეალისტური ნამუშევრები- ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები ნელი ბაჩიაშვილი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ის სხვადასხვა სახის თექის, მინანქრის, თიხის ნამუშევრებს ქმნის და ინტერნეტის საშუალებით ყიდის.
ახალგაზრდის განცხადებით, აღნიშნული საქმით 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობით არის დაკავებული. ნელი ამბობს, რომ ბავშვობაში თოჯინებით თამაშის მაგივრად სხვადასხვა სახის ნივთებს ძერწავდა, რომელიც დროთა განმავლობაში დახვეწა.
,,5 წლის ვიყავი პირველი ფიგურა რომ გამოვძერწე ადამიანის მსგავსი. შემდეგ ნელ-ნელა თამაშში რაღაცებს ვძერწავდი. არასდროს ვთამაშობდი თოჯინებით. ვძერწავდი ფიგურებს, სიტუაციებს ვაწყობდი და მერე ისევ ვშლიდი. წლებთან ერთად ეს თამაში გადავიდა უკვე დიდ გატაცებაში. ყოველი ახალი ფიგურა წინასთან შედარებით დახვეწილი იყო. ასე ძერწვით მივედი 24 წლამდე. შემდეგ ტიხრული მინანქარიც შევისწავლე და გავაგრძელე მუშაობა ამ მიმართულებითაც”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ბაჩიაშვილმა.
ნელის თქმით, თექის ნამუშევრების გაკეთებით მოგვიანებით დაინტერესდა. ახლა კი მისი ნამუშევრები ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს და ხშირად, მის მიერ თექისგან დამზადებულ ცხოველის ფიგურებს ნამდვილისგან რთულად თუ გაარჩევთ.