1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია – აუდიტი
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის – “დანერგე მომავალის” აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ბაღების ნაწილში ნერგები სრულად გამხმარია.
აუდიტორული შერჩევით, მნიშვნელოვანი რისკების მქონე ბაღების ადგილზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში 1 332 366 ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100 % გამხმარია.
ამასთან, 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733 291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3 115 975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში – ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.
აუდიტის სამსახურმა ნერგების ხარისხთან დაკავშირებული ნაკლოვანებაც გამოავლინა.
“სანერგე მეურნეობების კვალიფიციურობის შეფასების არსებული პრაქტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს წარმოებული ნერგების ხარისხს, რაც ხშირად იწვევს ბენეფიციარების უკმაყოფილებას და ხელს უშლის პროგრამის მიზნების მიღწევას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების ხარვეზებს, აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ერთი ბენეფიციარის შემთხვევაში, სანერგე მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი ექსპერტის დასკვნები. ასევე, ორი ბენეფიციარის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები დატვირთულია იპოთეკით, რაც საბანკო დაწესებულების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქმნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილებისა და, შესაბამისად, პროფილის ცვლილების რისკს. აღნიშნულ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მიწის ნაკვეთების გასხვისების და პროფილის ცვლილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ამასთანავე, ორი იდენტური სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 1 კვ.მ-ზე გახარჯულად ნაჩვენები მასალების დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც ჯამურ ღირებულებაში 132 672 ლარის სხვაობას წარმოშობს.