ახალი ამბები

ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისში საარსებო შემწეობას 656 591 ადამიანი იღებდა, ეს კი 104 953-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის მაისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 551 638 ადამიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). 2022 წლის მაისის მონაცემებით, დედაქალაქში შემწეობას 133 944 ადამიანი იღებს, მეორე ადგილზეა იმერეთი, ამ რეგიონში საარსებო შემწეობას 84 716 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას ჯამში – 81 862 ადამიანი იღებს.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2021 წლის მაისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 049 586 ადამიანი, 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 1 115 082-მდე გაიზარდა. აქ მატება 5%-ს აღემატება.