გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან
გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის, ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს.
ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას ითხოვს, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას შესაძლებელს გახდის, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში.
რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ ფრაქციის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი ბუნდესტაგს წარედგინება, სადაც დებატები და კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“.