საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ
საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უკვე ძალაშია. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
„განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა “2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, – განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების ნაკადი იზრდება. 2022 წლის მაისში საქართველოში საემიროებიდან 1430 ვიზიტორი შემოვიდა, ზრდა 2019 წელთან შედარებით 418%-ია. 5 თვეში 3503 ვიზიტორი სტუმრობდა ჩვენ ქვეყანას – ამ შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 22%-იანი კლებაა.