აეროპორტი “მიმინო” 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა რეისებს განაახლებს
თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 30 წლის შემდეგ ზაფხულის ბოლოს თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს.
შიდა ფრენები ბათუმის და მესტიის აეროპორტებიდან 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება.
როგორც “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის”, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
დავით ტეფნაძეს თქმით, აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება და ამისთვის აეროპორტი მზად არის.საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
bm.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის – Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.