ახალი ამბები

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 1 ლარი იქნება

თელავში მუნიციპალური ავტობუსები 8 სამარშუტო მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც მოიცავს ქალაქ თელავს და ახლომდებარე სოფლებს – კურდღელაურს, ვარდისუბანსა და შალაურს.

ნორმატიული აქტის შესაბამისი პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის ინფორმაციით, გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს წევრებმა ასევე განსაზღვრეს იმ მოქალაქეების კატეგორია, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას გარკვეული შეღავათით ისარგებლებენ.

მისი თქმით, შეღავათი შეეხება პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებული პირებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარებს, სტუდენტებს და ა.შ.

„ყველა სამარშუტო მიმართულება, რაც საკრებულომ სრული კონსენსუსით დაამტკიცა, განისაზღვრა ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა დარგის სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებასაც გავეცანით. ბუნებრივია გავითვალისწინეთ სოციალური ფონი, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ეფექტურად და შეუფერხებლად გააგერძელოს ფუნქციონირება. შესაბამისად მგზავრობის ღირებულების 1 ლარით განსაზღვრა ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.