ძველი ქართული ორნამენტებით და სხვადასხვა ფოტოებით გაფორმებული აბრეშუმის შარფები ახმეტიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, მაკო იმედაშვილი სხვადასხვა ზომის შარფებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ეს საქმე ბავშვობიდან იზიდავდა. სწორედ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში, სადაც სხვადასხვა სახის ყელსახვევებს და ტანსაცმელს ნახატებით ამზადებდა.
მაკო აღნიშნავს, რომ გამოცდილების და საქმის დასაწყებად საჭირო ცოდნის მიღების შემდეგ საკუთარი ბიზნესის შექმნის იდეა მოუვიდა. მისი თქმით, „მულინე“ – გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს აბრეშუმის შარფებს მხატვრების მიერ შექმნილი ექსკლუზიური ილუსტრაციებით და ნახატებით.
„მულინეს“ დაარსების იდეა 13 წლის წინ გამიჩნდა. პრაქტიკულად, საქმიანობა 2022 წლის იანვარში დავიწყეთ, სატესტო რეჟიმში. იდეა მე მომივიდა, მერე გავუზიარე მეგობარს, რომელიც დიზაინერია და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი საქმიანობის განვითარებაში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა შეხება მსგავს პროდუქტთან. ვიცოდი ყველა დეტალი, როგორ მზადდებოდა, პროცესშიც გარკვეული ვიყავი. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ჩემი გემოვნებით და დიზაინით, სხვადასხვა პრინტით აბრეშუმის შარფები.
პირველად დავამზადეთ 20 შარფი, შევქმენით ონლაინ გვერდი და განვათავსეთ ფოტოები. წარდგენისთანავე დიდი გამოხმაურება მოყვა და გადავწყვიტე ეს საქმე გამეგრძელებინა. სიტყვა „მულინე“ ძველ ქართულად ნიშნავს „აბრეშუმის ძაფს“. ჩვენ ვაწარმოებთ აბრეშუმის შარფებს, რომლებიც ყველა ქალისთვის განსაკუთრებულ აქსესუარს წარმოადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, იქმნება დიზაინი, შემდეგ ბიოსაღებავებით (ჯანმრთელობისთვის არასაზიანო) იბეჭდება მაღალი ხარისხის აბრეშუმზე,“- განუცხადა Knews.ge-ს მაკო იმედაშვილმა.
მისი თქმით, ყელსახვევების დიზაინი ყველასგან განსხვავებული და ინდივიდუალურია. ახალგაზრდა ამბობს, რომ დიზაინის შექმნასა და დამუშავებაში მეგობარი ეხმარება, ნახატებს კი მისი და ქმნის, რომელიც მხატვარია.
ვეფხისტყაოსანი, სხვადასხვა სახის ნახატები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, თამარ მეფე, კინტო, სხვადასხვა სახის ქართული და აზიური ორნამენტები_ სწორედ ამ და სხვა თემატიკაზე მომზადებულ შარფებს სთავაზობს ხელოვანი/ავტორი მსურველებს.
,,ის კომპანია, სადაც ვმუშაობდი, აკეთებდა თითქმის ყველა სახის ნივთს თუ ტანსაცმელს, რაც საქართველოს ბაზარზე იყიდებოდა. რომ ვუყურებდი ერთი სტილის იყო თითქმის ყველა, მინდოდა მე ცოტა განსხვავებული გამეკეთებინა ყველასგან. ძირითადად ჩვენი ინსპირაციის წყაროა ქართული თემატიკის შარფები, გათანამედროვებული თამარ მეფე, ძველი ქართული ორნამენტები თანამედროვე პერიოდზე მორგებული. ფერებიც ისეთი გვაქვს, რომ ყველანაირ სამოსს უხდება, კლასიკურსაც, ყოველდღიურ ჩასაცმელსაც და მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ყველასთვის იყოს მოსაწონი,“- აცხადებს ახალგაზრდა.
,,მულინეს” ბრენდის ქვეშ წარმოებული შარფები ძირითადად ინტერნეტის საშუალებით იყიდება. როგორც მაკო ამბობს, მათ წარმოებულ პროდუქციას 25-დან 45 წლამდე ადამიანები უკვეთავენ.
,,ძირითადად ახალგაზრდები ყიდულობენ ჩვენი ორნამენტებით და ფოტოებით გაფორმებულ ყელსახვევებს. ასაკოვანი ხალხი კი ხშირად თავის სასურველ პრინტებს გვიკვეთავენ. მაგალითად ერთხელ შეგვიკვეთეს ყელსახვევი, რომელზეც დატანილი იყო ოჯახის ფოტო. ვერგებით ყველანაირ შეკვეთას და ვაკეთებთ ყველა ზომის ყელსახვევებს,“– განაცხადა მაკო იმედაშვილმა.
ახალგაზრდა სამომავლოდ გეგმავს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას, რომლის დახმარებითაც ახმეტაში პატარა საწარმოს გახსნას აპირებს, სადაც აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებს ერთ სივრცეში განათავსებს.