კახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს.
აქედან ყველაზე მეტი ფაქტი, 9 სამართალდარღვევა, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 5,5 კუბური მეტრი წიფლისა და 0,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 6 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებულ 31 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. მეორე სამართალდამრღვევი კი, 62 ერთეული დაუფირნიშებელი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ფაუნასა“ და ჭიაურის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული კაკლის, აკაციისა და ჭალის მუხის სახეობის ხე-მცენარეებისგან მიღებული 3 ერთეული მორის, 5 ერთეული კოტრისა და 0,7 კუბური მეტრი აკაციის სახეობის საშეშე-მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.