უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 4000-ს უახლოვდება
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 23 მაისს განახლებული მონაცემებით, საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 4532 სამოქალაქო პირი, მათ შორის 394 ბავშვი.
მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მოკლულია 2200 ადამიანი და დაჭრილია 2525. ამასთან, ორი ოლქის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მსხვერპლი გაცილებით მეტია (2072 მოკლული და 2003 დაჭრილი), ვიდრე რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში (128 მოკლული და 522 დაჭრილი).
უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება ისეთი რაიონებიდან, სადაც ბოლო დრომდე მიმდინარეობდა ან ახლაც გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ასეთ რაიონებს შორის დასახელებულია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ.