ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ინდმეწარმედ 3,400 რუსი და 2,400 ბელარუსელი დარეგისტრირდა
საქართველოს იუსტიციის სახლში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბელარუსის და რუსეთის ასობით მოქალაქე დგება რიგში.
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3,386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2,363 მოქალაქე დარეგისტრირდა. უცნობია რა სექტორებში საქმიანობენ აღნიშნული ინდმეწარმეები.
ამავე პერიოდში კომპანიის წილის მესაკუთრის სახით რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მონაწილეობა რეგისტრირებულია 171 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის მონაწილეობა – 61 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში.
ეს სტატისტიკა იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტარ გიორგი ვაშაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გამოაქვეყნა.
აღნიშნულის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განაცხადი იუსტიციის სამინისტროს BMG-იმაც გაუგზავნა, თუმცა უწყებამ საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები დაარღვია. საქსტატის მიერ მოწოდებული პასუხიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი – 191 რუსული ბიზნესი.