დედოფლისწყაროში მცხოვრებმა მეწარმემ ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ავეჯის საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა, გიორგი ციმინტიამ დაათვალიერეს.
„ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 6 მლნ ლარი თანადაფინანსება. დაფინანსდა 60-მდე ბენეფიციარი“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ გიორგი ციმინტიას განცხადებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, მრავალი წელია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 9 მილიონ ლარს შეადგენს.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.