ახალი ამბები

თელავში XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი ჩატარდება

20 მაისს თელავი XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლებს.

თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, კამერული მუსიკის საღამო ჩატარდება. თელაველი მსმენელისათვის, საფრანგეთში მცხოვრები ხარაძეების ოჯახის სიმებიანი ტრიო დაუკრავს.

თეონა, არჩილ და ილია ხარაძეები 30 წელი, უცხოეთში იმყოფებიან და იქაურ საკონცერტო დარბაზებში უკრავენ. ფესტივალის ორგანიზატორის, მუსიკოს მანანა ხვედელიძის განმარტებით, ფესტივალის ფარგლებში საოპერო, კამერული და საგუნდო მუსიკა იქნება წარმოდგენილი.

“სულ დაგეგმილია 6 საღამო. სამი იქნება დედაქალაქში და სამი რეგიონებში. პატრიარქის რჩევით, კონცერტებზე საოპერო, კამერული და საგუნდო მუსიკა გაჟღერდება და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გვეყოლება სტუმრად,”- ამბობს ხვედელიძე.

ფესტივალი 2005 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მას ,,აღდგომიდან ამაღლებამდე” უწოდეს, თუმცა, მეორე წელია, ორგანიზატორებმა სახელი შეუცვალეს, მას სააღდგომო საერთაშორისო ფესტივალი დაარქვეს და უკვე მეჩვიდმეტედ ატარებენ. ფესტივალის პირველი საღამო, 2 მაისს, ქუთაისში ჩატარდა.