9 მაისს ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს.
საქართველოში ევროკავშიეის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.
მათივე თქმით, წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა. ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.
„მე და ევროპა“ იმ საერთო გამოცდილებასა და ტრადიციებს ასახავს, რომლებმაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. პროექტის მთავარი პერსონაჟები საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრები საინტერესო ადამიანები არიან.
ფილმში ნაჩვენებია სოფელ უდაბნოს მრავალფეროვნება, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ; სტერეოტიპების მსხვრევა გურიაში ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბის მიერ; გარემოს დაცვა იმერეთში და რადიომიმღებების კოლექციონერი მაღალმთიან რაჭაში. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობასა და ურთიერთობებს. ფილმის გმირების ცხოვრების წესი, მისწრაფებები და სულისკვეთება მოწმობს, რომ ევროპული ღირებულებების მატარებელი ადამიანები საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება.
სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გაიმართება”,- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.
,,იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება. საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული.
პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად.
კოვიდ პანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე”,’– აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
ვრცლად იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.