ახალი ამბები

საპენსიო გასაცემლების დარიგებაზე სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია შეხვდა.

მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

„ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის, სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების წარმოდგენა კომპანიებს 16 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

განახლებული სატენდერო პირობების მიზანი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. ბანკი, რომელიც მომავალში პენსიებს და სოციალურ გასაცემლებს დაარიგებს, ბენეფიციარებისთვის გაცემულ სესხებში განაკვეთს შეამცირებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიოდნენ, ქვეყანაში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი 26%–მდე მცირდება, ასევე სახელმწიფო 15 მლნ ლარს გადაუხდის ბანკს, რომელიც პენსიას დაარიგებს.

“ლიბერთი ბანკსა” და სახელმწიფოს შორის დღეს არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წელს გასდის. ახალი წესები ახალ კონკურსში გამარჯვებული ბანკისთვის მომდევნო წლიდან იმოქმედებს. გაცხადებული ინფორმაციით, ახალი პირობებით საპენსიო გასაცემლების ტენდერში მონაწილეობის ინტერეს ორი კომერციული ბანკი – “ლიბერთი” და “საქართველოს ბანკი” გამოხატავდა.