საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ფასი გაორმაგდა
ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მაისიდან, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ახალ რეგულაციები დააწესა და გადაზიდვების ნებართვები გააძვირა.
ახალი რეგულაციით, ერთჯერადი ნებართვის ღირებულება 70 ლარის ნაცვლად, 140 ლარი გახდა, დაჩქარებული ტიპის ნებართვა კი 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი ეღირება.
„1–ლი მაისიდან იცვლება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური და შეადგენს შემდეგს: დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი. გადამზიდველს შეეზღუდება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან სანებართვო დოკუმენტის მიღება, თუ მას უკვე აღენიშნება 2022 წელს მიღებული და 40 დღის განმავლობაში გაუხარჯავი თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) ნებართვის ნაშთი.
გადამზიდველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გახარჯული სანებართვო დოკუმენტი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ითხოვს ახალ სანებართვო დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტს წესრიგში აქვს დოკუმენტაცია და მიიღო ნებართვა, იგი ვალდებულია 90 დღის განმავლობაში გახარჯოს მიღებული დოკუმენტი და წარუდგინოს სააგენტოს. 90 დღის განმავლობაში თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) სანებართვო დოკუმენტიდან ერთ – ერთის გამოუყენებლობის შემთხვევაში, გადამზიდველი ვერ მიიღებს სხვა სახის სანებართვო დოკუმენტს სააგენტოში შესაბამისი გახარჯული ნებართვის წარმოდგენამდე“, — აღნიშნავენ სააგენტოში.