ახალი ამბები

IRI: საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია EU, მთავარი საფრთხე – რუსეთი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს 42% ასახელებს, უკრაინას – 32%, თურქეთს – 32%, აზერბაიჯანს – 24%, სომხეთს – 6%, ჩინეთს – 14%, რუსეთს – 11%, ირანს კი – 6%.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყნებიდან მოდის მთავარი ეკონომიკური საფრთხე, გამოკითხულთა 83%-მა რუსეთი დაასახელა, თურქეთს 4% ასახელებს, აშშ-ს – 4%, ჩინეთს – 2%, სომხეთს, ირანს, აზერბაიჯანს, ევროკავშირს და უკრაინას 1-1%.

კვლევის ფარგლებში IRI-მ რესპონდენტებს ასევე დაუსვა კითხვა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორების შესახებ; გამოკითხვის შედეგებით, პირველ ადგილზე – 54%-ით ევროკავშირია. შემდეგ აშშ მოდის 53%-ით. მესამე ადგილს კი უკრაინა იკავებს – 45%-ით. თურქეთს და აზერბაიჯანს 20-20% აქვთ, სომხეთს – 7%, ჩინეთს – 4 %, რუსეთს – 4%, ირანი – 1%.

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი (90%) წარმოადგენს.

თურქეთს 8% ასახელებს, აშშ-ს 4%, სომხეთს – 3%, აზერბაიჯანს, ირანს და ევროკავშირს 2-2%, ხოლო ჩინეთს და უკრაინას 1-1%.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.