ახალი ამბები

“თავი შეიკავეთ Datacomm-ის სახელით მიღებული SMS-ისა და ლინკის გახსნისაგან”-გაფრთხილება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მიღებულ SMS-ებში მითითებულ ლინკზე შესვლისგან.

“კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერჰიგიენის წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.