როგორ უნდა ისარგებლონ მცირემიწიანმა ფერმერებმა სუბსიდიით
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, მცირემიწიან ფერმერებს აგროსაქმიანობისთვის საჭირო საქონლის ხარჯი დაუსუბსიდირდებათ.
დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით:
თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;
თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე;
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე.
სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით − არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არა უმეტეს 1.25 ჰა-ისა ან/და არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს. ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.