დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტები მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის ხელმძღვანელმა საკითხზე საუბრისას განმარტა, რომ ამ ცვლილებით ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
„დაახლოებით, 2 თვის წინ, ჯანდაცვის მინისტრს ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესის გამკაცრება და ცირკულაცია დავავალე. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრებას და სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც საბოლოოო ჯამში ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვიყავით და ვართ, რომ ეს საკითხიც დაგვერეგულირებინა. დღეიდან, ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ესეც დარეგულირდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
„რას ნიშნავს ეს ცვლილება – ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება, როდესაც ადამიანი მიდის და არამიზნობრივად მოიხმარს ამ ფსიქოტროპულებს. ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მათი ცხოვრების წესს აუარესებს, ამწვავებს ქვეყანაში ნარკოლოგიურ მდგომარეობას. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. ნებისმიერისამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით და ეს უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, თუ ამას მკურნალობა ქვია, იწვევს სავალალო შედეგებს.
საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების მიღება ექიმის გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, – აღნიშნა პრემიერმა.