ახალი ამბები

რუსებისთვის ქონების მიყიდვის აკრძალვის პეტიციას 12 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი – ამ სახელწოებით შექმნილ პეტიციას ხელს ამდროისთვის 12 ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

პეტიციის ავტორი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეა, რომელიც აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია პარლამენტმა ხალხის მოთხოვნა გაითვალისწინოს და შესაბამის დებულებებში ცვლილებები შეიტანოს.

Bmg-თან საუბრისას დოლიძე ამბობს, რომ საკანონდებლო ინიციატივას პარლამენტს მომდევნო კვირას წარუდგენს.

„იმდენად მწვავეა ეს საკითხი რომ პეტიციაზე ხელმოწერები ახლაც გრძელდება, გამოწვევა ჩვენ წინაშე საკმაოდ სერიოზულია. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ვითარება არის ექსტრაორდინალური, რაც გამოიხატება იმაში, რომ სამეზობლოში არის ომი კატასტროფული მაჩვენებლებით. ეს გამოიხატება რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებაში საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაციაში და ა.შ. ამ სიტუაციაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავაბალანსოთ ერთი მხრივ ჩვენი ჰუმანიტარული ინტერესი რომ ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ავტორიტარიზმს ჩვენ კარი არ დავუკეტოთ, ჩვენი ეკონომიკური ინტერესიც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა მეორე მხრივ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზეც. ამიტომ ჩვენ გამოვიყენეთ შეჩერება, მორატორიუმის გამოცხადება მათთვის უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.

პეტიცია სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს სამწუხაროდ, ის ფაქტობრივად რეფერენდუმია და ხალხის ნება რომ ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში უნდა დაიწეროს საკანონდებლო წინადადება და მივმართოთ პარლამენტს, იმიტომ რომ მოქალაქეების დაკვეთა სახეზეა, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტზეა რომ მან იმოქმედოს. ელემენტარული ცვლილება უნდა შევიდეს გარდამავალ დებულებებში, რომ გარკვეული ვადით რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა და ამის რეგისტრაცია შეჩერდეს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ბინადრობის ნებართვას, იმიტომ რომ ამ კანონმდებლობას ნამდვილად სერიოზული ცვლილება სჭირდება. არცერთ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროპასთან, ასეთი დაბალი ღირებულების ქონების შეძენით შესაძლებელი არაა, რომ მიიღოს ბინადრობის და ცხოვრების უფლება.

საყურადღებო ვითარებაა ამ მიმართულებით თუ გავითვალისწინებთ იმ რაოდენობას, რომელიც შემოვიდა და არ გავიდა ქვეყნიდან, სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ჩვენთან დარჩა.

იმ კვირაში ჩვენ დავაინიცირებთ საკანონდებლო წინადადებას, მივიტანთ ამ ხელმოწერებს საქართველოს პარლამენტში და შევქმნით კამპანიის სტილის საქმიანობებს, ყველას მოვუწოდებთ რომ შემოგვიერთდნენ. პარლამენტია ის ორგანო, რომელმაც უნდა იმოქმედოს და სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ რამე გააკეთონ მათ ამ მიმართულებით.“ – განაცხადა დოლიძემ.