ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რაოდენობა იზრდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რაოდენობა იზრდება.

კერძოდ, დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების, თუ მკურნალობის არაერთი სერვისი, რომელსაც რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო არ აფინანსებდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რიგ შემთხვევაში მკურნალობის სერვისების დაფინანსება რეფერალის პროგრამის ფარგლებში დროში იწელებოდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი ბენეფიციარებისთვის არაერთი სამედიცინო სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. დაფინანსდება ციფრული PET/CT (პეტ კატე).

„საყოველთაო ჯანდაცვა უნივერსალური პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც ძალიან ბევრი ბენეფიციარისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ სამედიცინო დახმარება მიიღოს.

ძალიან ვრცელია საყოველთაო ჯანდაცვის მოცულობა. ასევე, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური „ქეისებიც“, რომლის ფარგლებშიც რეფერალური მომსახურების პროგრამა წლების განმავლობაში ახორციელებს ბენეფიციარების დაფინანსებას. ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ისეთი მიმართულებები, რომელიც ტრადიციულად ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან, რაც რეალურად თავისი არსით, შინაარსით და მოცულობით სავსებით შესაძლებელია, რომ გაერთიანდეს საყოველთაო ჯანდაცვის ქვეშ. ამ სერვისების გადმოტანა მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

რეფერალური მომსახურების პროგრამაში სხვა პროცესებია. კომისიის წესით ხდება განხილვა, რაც დროში დაყოვნებას იწვევს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა, უარიც იყოს კონკრეტული ბენეფიციარისთვის. ამდენად, არ არის სრულყოფილი სახით მოცული კონკრეტული თემები.

მიზანშეწონილად ჩაითვალა, საჭირო სერვისები, კერძოდ, რეაბილიტაციის სერვისი, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ბენეფიციარებისთვის, ასევე ონკოლოგიის სერვისები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიის დიაგნოსტიკის ნაწილი.

ვმუშაობთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, რა ბიუჯეტიც სამინისტროსთვის და სახელმწიფო პროგრამებისთვის არის გამოყოფილი, მაქსიმალურად გავაერთიანოთ საყოველთაო ჯანდაცვის ქუდის ქვეშ“, – აღნიშნავს ეკატერინე ადამია.