მოპედის, კვადროციკლის და მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 კუბურ სმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე – 4 კვტ-ს არ აღემატება, პირველადი რეგისტრაციის დროს საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აღარ დასჭირდება.
უწყების ცნობითვე, ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს, პირველადი რეგისტრაცია მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე განხორციელდება, რომლითაც იგი წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას დაადასტურებს.