ირაკლი ღარიბაშვილი- სოცდასაქმების პროგრამაში დარეგისტრირებულია 20 000 ვაკანსია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1 მარტიდან დაწყებულ სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში, რომლის მიზანი ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა, დღეისთვის უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია, 3000 პირი კი უკვე დაკონტრაქტებულია – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე დასაქმების პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
„პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ათიათასობით ახალი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილის შექმნა. ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია.
მინდა ვახარო ჩვენს საზოგადოებას, რომ დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია შემოსულია სოციალურად დაუცველებისგან და 3000 უკვე დაკონტრაქტებულია და მათ უკვე გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ მასშტაბები. თუმცა ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სამ კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში და მონაწილეობა მიიღონ ბევრ პროექტში, რომელსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა პრემიერმა