თელავის საკრებულომ ავტობუსების მარშრუტების და მგზავრობის ტარიფის დადგენაზე მუშაობა დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ დადგენილების მისაღებად.
საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი აცხადებს, რომ გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, ადმინისტრაციული წარმოება ასევე დაიწყო მგზავრთა გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დასადგენად. მისივე თქმით, ნორმატიული აქტების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად 1 მაისამდე წარედგინება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის სატარიფო პოლიტიკის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის პროცესში საკრებულოს თითოეული წევრი აქტიურად ჩაერთოს, რათა ჩვენ დავადგინოთ მგზავრობის ისეთი ტარიფი, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება და ამავე დროს უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილად და ეფექტურად ფუნქციონირებას”, –განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.