ახალი ამბები

რა შეზღუდვები გაუქმდა დღეიდან

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები გაუქმდა.

პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდა მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გაუქმდა სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.

დღეიდან გაუქმდა თვითიზოლაციის ვალდებულებაც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღო.