ახალი ამბები

არა საწვავის ფასებს- თელავში აქცია გაიმართა- ფოტოები

ქვეყნის მასშტაბით საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს კახეთშიც შეუერთდნენ.

„უარი საწვავის ფასებს!“- ამ ლოზუნგით რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გაერთიანდნენ და აქცია თელავის თეატრის წინ გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნა საწვავზე ფასების შემცირება და აქციზის დროებით გაუქმება იყო.

ისინი ხელისუფლებისგან შესაბამის ჯგუფებთან კონსულტაციის გავლას და მყისიერ რეაგირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე, ტაბლოებზე საწვავის მაღალი ნიშნული, სხვა პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს.

,,საწვავის ფასები გაიზარდა და ჩვენც ამას ვაპროტესტებთ. საწვავზე ფასების გაზრდა ნიშნავს ყველაფერზე ფასების ზრდას. მთავრობა კი იმიტომ გვყავს რომ ასეთ დროს ადამიანებს, ჩვენ ამოგვიდგეს გვერდით. ასევე იყო მოთხოვნა დღგ-ს გადასახადის დაწევაზე და ამ მოთხოვნით აქცია გაიმართა სხვადასხვა ქალაქში და ჩვენ თელავიდან გვინდა მთავრობას ხმა მივაწვდინოთ, რომ დაინტერესდეს ამ თემით”,-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მძღოლებმა აქცია პერფორმანსით დაასრულეს და ქალაქის ცენტრში ხმოვანი სიგნალებით გადაადგილდნენ.