მაისიდან პური შესაძლოა 20 თეთრით გაძვირდეს – პურის მცხობელთა ასოციაცია
ფქვილისა და ხორბლის შესყიდული მარაგები საშუალებას იძლევა, რომ პურის ფასი მაისამდე არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებული ფასები მომდევნო ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება, პურის ღირებულება 20 თეთრით მაინც მოიმატებს.
დოლიძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მექანიზმია ასამოქმედებელი, რაც გარკვეულწილად ბაზარზე პურის ფასის დაჭერის წინაპირობა იქნება.
“პურის არსებული ფასი სავარაუდოდ მაისამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი მოხდება გადააგარიშება იმიტომ, რომ მოიმატა ელექტროენერგიის ღირებულებამ 50%-ით, ბუნებრივი აირი გაძვირდა, წყალი გაძვირდა. თვითღირებულებაზე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. მე ვფიქრობ, ამან შესაძლებელია 20 თეთრით ფასის ზრდა გამოიწვიოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ღირებულება შენარჩუნდა 80 ლარის ნიშნულზე. დღეს რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ღირებულება არის 70 ლარის ფარგლებში”-აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.
ცნობისთვის, მეხორბლეების განცხადებით, ამ დროისთვის 1 ტონა ხორბლის ღირებულება 400 დოლარამდეა გაძვირებული. რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ფასი 67 ლარია, ხოლო ადგილობრივი წარმოების ფქვილის ფასი 78-83 ლარის ფარგლებში მერყეობს.