ახალი ამბები

კახეთში ექვსი კოვიდ ცენტრი გაუქმდა

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შექმნილი რვა კოვიდ ცენტრიდან, ექვსი პაციენტებს აღარ მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული დაწესებულებები დაიხურა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში მხოლოდ ორი ჰიბრიდული კლინიკა იმუშავებს.

“ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 15 მარტიდან კოვიდ- ცენტრები წყვეტენ პაციენტების მიღებას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. სავარაუდოდ, იქნება ორი ჰიბრიდული კლინიკა თელავსა და დედოფლისწყაროში. თუ საჭირო იქნება პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, ამ კლინიკებში მოხდება მათი მკურნალობა. ამჟამად, 44 პაციენტია სულ კლინიკებში და ახალი ინფიცირებულების მიღება არ მოხდება”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

დღეს რეგიონში ინფიცირების 67 შემთხვევა გამოვლინდა. 2021 წლის სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 101 600 შემთხვევაა დადასტურებული.