ახალი ამბები

გაუქმდეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან- მოქალაქეების მიმართვა მთავრობას

საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ.

ისინი რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ.

,,საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის მოქალაქეებს ბანკომატებიდან გამოაქვთ დოლარი და მიაქვთ უკან თავიანთ ოჯახებში. შედეგად სუსტდება ეროვნული ვალუტა.

რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით 2014 წელს პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია. იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა. დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

დღეს საქართველო განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სამშობიაროებს და ასობით ბავშვია გარდაცვლილი, მნიშვნელოვანია რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ რუსეთში და გააპროტესტონ მათი აგრესორი მთავრობის ქმედება.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში. ასევე დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე)”,- წერია მოქალაქეების მიმართვაში.