უკრაინის მოქალაქეები ცხოველების საქართველოში შემოყვანას დოკუმენტაციის გარეშე შეძლებენ
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ცხოველების შემოყვანა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე შეეძლებათ.
როგორც საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი და ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელი მარიამ ჩხიკვიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, აღნიშნული ინიციატივა სახელმწიფო სტრუქტურებთან არის შეთანხმებული და ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი უკვე ინფორმირებულია.
“უკრაინიდან შემოსულ მოქალაქეებს ცხოველების შემოყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ, ინიციატივით შესაბამის სტრუქტურებს მივმართეთ და სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსისგან ზურაბ კიკალიასგან დასტური მივიღეთ. შესაბამისად, უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებსაც თან ცხოველი ეყოლებათ, საექსპორტო დოკუმენტაცია, რომლის ქონასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, არ მოეთხოვებათ.
გარდა ამისა, ყველა საბაჟო პუნქტზე მომუშავე პერსონალი არის ინფორმირებული და ისინი პრობლემას არ შეუქმნიან უკრაინული პასპორტის მქონე ხალხს, მიუხედავად იმისა, გადმოდიან ისინი უშუალოდ უკრაინიდან თუ უკრაინის ტერიტორიას სხვა ქვეყნის გავლით ტოვებენ”, – აღნიშნავს მარიამ ჩხიკვიშვილი.