კახეთში უკრაინის დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყო
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო.
დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ქალაქ თელავში, თ. ანთაძის სახელობის სპორტულ დარბაზში ჰუმანიტარული აქციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის თქმით, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოხდება მოქალაქეთა მიღება და მათ მიერ უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინაში.
„მოვუწოდებ კახეთში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და დახმარების გასაღებად ნებისმიერ მსურველს, მონაწილეობა მიიღონ ამ სიკეთის აქციაში“ – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურ რესურსს გამოყოფს.
„გადავწყვიტეთ, რომ უკრაინელი მოქალაქეებისთვის შევაგროვოთ არამალფუჭებადი პროდუქტი, ტანსაცმელი და სამედიცინო ნივთები. როგორც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, ასევე, სხვა ნებისიმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიტანოს დასახმარებლად განკუთვნილი ნივთები და ჩააბაროს” – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო.