ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

,,კახეთის ხმამ” უკრაინელი ბავშვებისთვის ჩურჩხლის შეგროვება დაიწყო

 ,,კახეთის ხმის” ინიციატივით, უკრაინელი ბავშვებისთვის ჩურჩხლის შეგროვება დაიწყო.

ორგანიზაციის ოფისში დახმარების მსურველები დილიდან მიდიან და უკრაინაში გასაგზავნად ჩურჩხელები მიაქვთ.

იდეის ავტორის, მაია მამულაშვილის თქმით, საქართველოში კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. მისი განმარტებით, ძველად ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე ჩურჩხელა მიჰქონდათ, რადგან ის კალორიული საკვებია.

,,ინიციატიავა ,,კახეთის ხმის” გუნდის მიერ შემუშავდა და შემოგვიერთდნენ რიგითი მოქალაქეები და კახეთის სამოქალაქო სექტორი. ინიციატივის მიზანია რითიც შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს და განსაკუთრებით ბავშვებს. გვინდა, რომ ამ ჟესტით გამოვხატოთ მხარდაჭერა.

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ როლს ანიჭებდნენ ჩურჩხელას როგორც საკვებ პროდუქტს ბრძოლის დროს, მას არ უნდა განსაკუთრებული მოვლა და შენახვა, ამასთანავე კალორიული და გემრიელია. ამ ეტაპზე 2 000 ჩურჩხელაა შეგროვილი. ასევე შემოგვიერთდნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც აგროვებენ ჩურჩხელას, ასეთი პუნქტებია შექმნილი ლაგოდეხში, წნორში და ახმეტაში. როდესაც შეგროვდება, ამას დავახარისხებთ და გავაგზავნით.

რამდენიმე ფორმას ვგეგმავთ გასაგზავნად, ერთ-ერთია პოლონეტის საელჩო. ყველა ლეგალურ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უკრაინელ მეგობრებს გავუგზავნოთ შეგროვილი ჩურჩხელები,”– განაცხადა მაია მამულაშვილმა.

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა, მიხეილ ჩაფურიშვილი ,,კახეთის ხმის” აქციაში ჩაერთო, მეგობრებში შეაგროვა ფული, იყიდა ჩურჩხელა და ორგანიზაციის ოფისში მოიტანა. მისი თქმით, რაც მეტი მოქალაქე ჩაერთვება აქციაში და ორგანიზაციას შეუერთდება, ეს იქნება პატარა ნაბიჯი საერთო მტერთან ბრძოლაში.

,,ვნახე ეს ინიციატივა და მომეწონა. გადავწყვიტე, რომ შევერთებოდი ამ აქციას, მეგობრებსაც ვუთხარი და მათაც გამოთქვეს სურვილი, რომ მიეღოთ მონაწილეობა, ზოგმა თანხა ჩამირიცხა და შევიძინე ჩურჩხელები. კახელებისთვის ჩურჩხელა სიმბოლური საჭმელია, რადგან ჯარისკაცებს მიქონდათ ომში. ეს კი ერთი პატარა ნაბიჯი იქნება უკრაინელებისთვის საერთო მტერთან ბრძოლაში და კარგი იქნება თუ ბევრი შემოგვიერთდება”,- განუცხადა knews.ge-ს მიხეილ ჩაფურიშვილმა.

,,კახეთის ხმის” აქციაში ასევე პედაგოგებიც ჩაერთნენ. თელავის მე-5 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ზეინაბ კაკალაშვილმა უკრაინელი ბავშვებისთვის ჩურჩხელები შეაგროვა.

,,რომ გავიგე აღნიშნული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინელების მხარდაჭერას ემსახურებოდა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. კახური ჩურჩხელა კალორიულია, ჯარს კარგად აპურებდა და მათი სიძლიერისთვის მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ ვიზრუნოთ მათ სიძლიერეზე. დიდება უკრაინას და უკრაინელ გმირებს”,-განაცხადა ზეინაბ კაკალაშვილმა.

მსურველებმა მოგვწერეთ „კახეთის ხმის“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/kakhetiskhma