ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება უკრაინის მხარდაჭერისთვის მაქსიმუმს აკეთებს
“ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა – ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია და უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები, რაც მიმდინარეობს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
„ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან და გამოვხატეთ სოლიდარობა პოლიტიკურ დონეზე. გარდა ამისა, ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდა უკრაინულ მხარეს. ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთოს მინისტერიალი თუ გაერო, მტკიცე მხარდაჭერა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და დააფიქსირა მხარდაჭერა. მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეებში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე ტამაშს, მათ გამოყენებას და მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა – ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ. ის, რაც უკრაინაში ხდება, გამოვცადეთ ბევრად ადრე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქვე პრემიერმა განაცხადა, რომ ოპოზიციას უხარია, რაც უკრაინაში ხდება და სურთ, 2008 წელი კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოში.