ღარიბაშვილი -სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში
მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი – ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს, შემდეგ კი სხვა ხალხის ინტერესებზე იფიქროს.
„ბუნებრივია, დღეს ჩვენ ყველა სოლიდარულნი ვართ, დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც უკრაინაში ხდება. ხალხი იღუპება, მთელი უკრაინა, კიევი იბომბება.
სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებას, როდესაც რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და – „მიშა!“ „მიშა!“ აძახებინეს. წაგებული და განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს.
ძალიან ბევრი გულანთებული ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში საკუთარ ანგარებას და ინტერესებს ეძებენ, ყველა უბედურებაში.
დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან დღეს აქ ომი რომ არ არ არის. ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას და არ უნდა მოვერიდოთ ამას. დღეს ჩვენ ხელისუფლებას პატივი და პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, შემდეგ ბუნებრივია, სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, 26 თებერვალს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. კონცერტი ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველისა და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით მიმდინარეობდა. მანამდე კი უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ გაიმართა. უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს.