ახალი ამბები

თელავში, პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

25 თებერვალს 14:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრი“ მართავს NDI-ისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პრეზენტაციას.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო მონიტორინგითა და ადვოკატირების გზით.

მათივე თქმით, ძირითადი ამოცანებია სამოქალაქო ერთობის შექმნა და გაძლიერება; სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გეგმის შემუშავება და განხორციელება; ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების, განსაკუთრებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა; ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა საერთო ინიციატივების განხორციელების გზით.

,,პრეზენტაციაზე მოწვეული არიან თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაიმართება და მოხდება პროექტის მიზნებისა და აქტივობების განხილვა და დამსწრე ორგანიზაციებისგან უკუკავშირის მიღება. პროექტი წაახალისებს სხვა ორგანიზაციების ჩართულობას და მათი მდიდარი გამოცდილების გამოყენებას, რათა პროცესი იყოს უფრო მეტად შედეგიანი”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რეგიონის განვითარების ცენტრი 2012 წელს დაარსდა, განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, მათ შორის ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტში და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.

ორგანიზაციას სურს ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც განვითარებულია საქართველოს რეგიონები, მზარდია ცხოვრების ხარისხი და უზრუნველყოფილია ადგილობრივი დემოკრატია; მოსახლეობა აქტიურად ერთვება მმართველობაში, ხელი მიუწვდება ეფექტურ საჯარო სერვისებზე და აქვს მეტი თვითრეალიზაციის შესაძლებლობები.