ახალი ამბები

თელავში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

25 თებერვალს 18:00 საათზე, თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, თეატრის წინ, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი EECMD-ის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ შარვაშიძეა.

“დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა, ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელს მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან.

საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს და რუსეთს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.
25 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე, თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, თეატრის წინ, დავდგეთ ერთად და ერთად გავცეთ პასუხი პუტინს და რუსეთის აგრესიას უკრაინისა და ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

აქციისთვის გვჭირდება ატრიბუტიკა: დროშები, სტიკერები და ბანერები. თუ აქციაზე მოსვლას ვერ ახერხებთ და გსურთ, მხარდაჭერა დააფიქსიროთ, დაგვეხმარეთ ატრიბუტიკის დამზადებაში ან ნებისმიერი სხვა შესაძლებლობით”,-განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.