ახალი ამბები

სოფელ სანავარდოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ასკანელი ძმები“ საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიან სასტუმრო Askaneli Trademark Collection by Wyndham-ს მიმდინარე წლის აგვისტოში გახსნის.

კახეთში, სოფელ სანავარდოში ახალი სასტუმრო „ასკანელი ძმების“ ქარხნის მიმდებარედ ამოქმედდება. სასტუმრო კომპლექსი ვენახის გულში მდებარეობს და კავკასიონის მთებით არის გარშემორტყმული. 2 ბლოკისგან შემდგარი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

როგორც “ასკანელი ძმების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი უგლავამ bm.ge-ს განუცხადა, სასტუმრო გამორჩეული დიზაინით აშენდა და მისი ერთ-ერთი შენობა ყურძნის მტევნის ფორმის არის, რაც ღვინის ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია.

„სასტუმროს ამოქმედების იდეა 2019 წელს გაჩნდა, თუმცა თავად პროექტის განხორციელება 2020 წლის ივლისში დავიწყეთ. დღეს პირველი ბლოკი აშენებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები და კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ეს ბლოკი 46-ნომრიანია და ის პირველ სტუმრებს აგვისტოდან მიიღებს. რაც შეეხება სასტუმროს განვითარების შემდეგ ეტაპს, მეორე ბლოკის ამოქმედება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იგეგმება. სრული დატვირთვის შემდეგ სასტუმროში 120-150 ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Askaneli Trademark Collection by Wyndham ჯამში მოიცავს 80 ნომერს, რესტორნებსა & ბარს, ღვინის სადეგუსტაციო ბარს, სპა ცენტრს, ღია და დახურული აუზებით, სპა პროცედურებით, საუნებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრით.

ამასთან, კომპლექსის ტერიტორიაზეა მრავალფუნქციური საღონისძიებო სივრცე, რომელიც როგორც მასშტაბურ ისე მცირე ზომის ღონისძიების მასპინძლობას შეძლებს. სასტუმრო კომპლექსის მთავარი მიმართულება ღვინის დეგუსტაცია და გასტრონომიაა. კომპლექსს სარეკრეაციო სივრცე არტყამს გარს, სადაც ღვინის მარანი და „კახური ეზო“ მოეწყობა. სასტუმრო კომპლექსის სტუმრებს ქართული ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.