ახალი ამბები

უკრაინული მედია – დონბასში “ბოევიკებმა” ცეცხლი კვლავ გახსნეს

“ბოევიკებმა” დონბასში, სტანიცა ლუგანსკაში ცეცხლი კვლავ გახსნეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტელეგრამში“ წერს.

მისი თქმით, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკაში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს.

ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის შენობის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა.