საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების შინაარსს, ასოციაციაში გაწევრიანებული ხუთი ქალაქის თელავის, თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის 200-ზე მეტი კურსდამთავრებული იზიარებს.
,,უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა.
ასეთი ფასეულობები, ასეთი მისწრაფებები სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს, რომელიც დღემდე განაგრძობს ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასა და ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოც და უკრაინაც ათეულ წელზე მეტია რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ებრძვიან. თუმცა, ერთმანეთის მხარში დგომით და ურთიერთგაძლიერებით, ისტორიული ბრძოლა თავისუფლებისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარ მიზნად რჩება.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მრავალჯერ გამოვცადეთ და ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა თავისუფალი ქვეყნებისა თუ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. არასდროს დავივიწყებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აფხაზეთის, ცხინვალისა და 2008 წელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში.
დღეს ამ აგრესიის მსხვერპლი ჩვენი მეგობარი უკრაინაა, რომელსაც სურს, საკუთარი მომავლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება.
საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაცია ღიად და უწყვეტად თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, მოძმე უკრაინელ ხალხს და ვგმობთ რუსეთის აგრესიას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ერის წინააღმდეგ.
ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის მომავლისთვის, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. საქართველო, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, თავისუფალი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას!
უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა”,– ნათქვამია განცხადებაში.